დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ კბილები დღეში 2-ჯერ უნდა გაიხეხოთ, თუმცა ყველამ არ იცის როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად.
პირის ღრუსა და კბილების ყოველდღიური, ხარისხიანი მოვლა ჯანმრთელი კბილების და ლამაზი ღიმილის საწინდარია.
ხშირად ეს არც თუ ისე რთული პროცედურაა, რომელიც ადრეული ბავშვობიდან შედის პირის ღრუს ჰიგიენის ყოველდღიურ რიტუალში. სტომატოლოგები ხშირად ვამბობთ, რომ ადამიანები, პირის ღრუს მოვლას სათანადო დროს არ უთმობენ.
არ ცოდნით, თუ დაუდევრობით კბილების მოვლის მნიშვნელოვანი ეტაპები გვრჩება, რის გამოც ხშირ შემთხვევაში იზრდება სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი, რის გამოც შესაძლოა სტომატოლოგიური ჩარევა ან კბილების მხატვრული რესტავრაცია დაგჭირდეთ, ასევე დროთა განმავლობაში ყალიბდება პირის ღრუდან წამოსული უსიამოვნო სუნი, რომელიც საკმაო დისკომფორტს გვიქმნის.
კბილების რეგულარულად და სწორად გახეხვა კი საშუალებას გაძლევთ გაანადგუროთ 60%-მდე ნადები და გაიუმჯობესოთ ღრძილების მდგომარეობა.
აღნიშნული ბლოგის განმავლობაში შეიტყობთ, როგორ უნდა გაიხეხოთ კბილები სწორად და რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ.
რატომ არის კბილების სწორად გახეხვა მნიშვნელოვანი
კბილების სწორად გახეხვა, ზედაპირის დაზიანების გარეშე, უზრუნველყოფს მინანქრისა და პირის ღრუს მაღალხარისხიან მოვლას და პირიქით, არასწორად ჩატარებულმა პროცედურამ, შესაძლოა ძალიან სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
მაგალითად სისხლდენა ღრძილებიდან და პირის ღრუს სხვა დაავადებები.
კბილების მოვლის პროცესში გაითვალისწინეთ შემდეგი :
- ღრძილების და მინანქრის მდგომარეობა
- ატარებთ თუ არა ორთოდონტიული კონსტრუქციებს, ბრეკეტებს და სხვა.
იმისათვის რომ, კბილებს და პირის ღრუს ეფექტურად მოუაროთ და თავიდან აიცილოთ ზემოთხსენებული დაავადებები, ასევე მაქსიმალურად დაიცვათ მინანქარი და ღრძილები აუცილებელია სტომატოლოგთან კონსულტაცია.
კბილების გახეხვა – რა უნდა გავითვალისწინოთ
შეარჩიეთ თქვენზე მორგებული კბილის ჯაგრისი
აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი პირის ღრუს მდგომარეობა, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ჰიპერმგძნობიარე მინანქარი, ან პაროდონტიტი – უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ძალიან რბილ ჯაგრისს.
ხოლო თუ ბრეკეტებს ატარებთ – გამოიყენეთ უფრო ხისტი. ამ თემაზე უფრო ვრცლად მომდევნო თავებში ვისაუბრებ.
გამოიყენეთ კბილების მოვლის შესაბამისი საშუალებები
კბილის პასტა, პირის ღრუს სავლები, კბილის ძაფი (ფლოსი) და სხვა. მაღალი ხარისხისა და ეფექტური პროდუქტების შერჩევაში თქვენი სტომატოლოგი დაგეხმარებათ.
თუმცა თუ პროდუქციის შეძენას დამოუკიდებლად გადაწყვეტთ, ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ მის ხარისხზე და მწარმოებელზე.
ეწვიეთ სტომატოლოგიურ კლინიკას წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ

ჯანსაღი კბილების შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია 6 თვეში ერთხელ ეწვიოთ სტომატოლოგიურ კლინიკას და ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა.
ამით მაქსიმალურად შეამცირებთ დაავადებებისა და კარიესის განვითარების რისკს, ასევე გაიზრდება ორთოპედიული კონსტრუქციების (ბრეკეტები) მომსახურების ვადა.
დამატებით შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი “როგორ შევარჩიოთ სტომატოლოგიური კლინიკა“.
რამდენჯერ უნდა გავიწმინდოთ კბილები დღის განმავლობაში
იმისათვის, რომ კბილების მოვლის პროცესმა შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათი ყოველდღიურად გამოხეხვა.
დღის განმავლობაში, რეკომენდებულია აღნიშნული პროცესის 2-ჯერ ჩატარება და ყოველ ჯერზე მინიმუმ 4-5 წუთი უნდა დახარჯოთ.
შესაბამისად ზედა და ქვედა ყბის თითოეულ სეგმენტს დაახლოებით 30 წამი უნდა დაუთმოთ, რა დროსაც კბილის პასტის სასარგებლო ინგრედიენტები ქსოვილში ღრმად აღწევს, რისი დახმარებითაც თავიდან აიცილებთ, ღრძილების დაავადებებს (პაროდონტიტი) და კბილის ქვის წარმოქმნას.
ჩვეულებრივ ამ პროცედურას სახლიდან გასვლამდე ვატარებთ.
მართლაც, პირის ღრუს დილით მოვლა აჯანსაღებს სუნთქვას, აშორებს ღამის განმავლობაში დაგროვებულ ნადებს, საუზმის ნარჩენებს და კბილებს უფრო მეტ ბზინვარებას ანიჭებს.
თუმცა სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის ეს საკმარისი არ არის.
აუცილებელია კბილების დაძინებამდე გახეხვაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღამით პირის ღრუში ბაქტერიების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.
შესაძლოა მინანქარი დროთა განმავლობაში დაზიანდეს და დაიწყოს ღრძილების ანთების პროცესი.
ხოლო საკვები ნარჩენები და მიკრო ორგანიზმებისგან გამოთავისუფლებული ნივთიერებები ცვლის ნერწყვის მჟავიანობას, რაც ასევე უარყოფითად აისახება კბილების მდგომარეობაზე.
ასე, რომ ღამის სწორი წმენდა, კარიესის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი პროცედურაა.
როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად

- დაასველეთ კბილის ჯაგრისი და წაუსვით კბილის პასტა.
- კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროთ ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურ მდგომარეობაში, დაახლოებით 45° დახრით ღრძილის მიმართ და გახეხვის დროს ჯაგრისის თავი უნდა ეხებოდეს ღრძილის ზედაპირს.
- ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ წრიული მოძრაობა ღრძილებიდან მთელი კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით, თანრიგის ბოლომდე, როგორც ზედა ისე ქვედა ყბაზე. ზედა ყბაზე წრიული მოძრაობა უნდა შესრულდეს ზემოდან ქვემოთ, ხოლო ქვედა ყბაზე პირიქით. მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ არცერთი კბილი.
- აუცილებელია ასევე კბილების შიგნითა ზედაპირის გაწმენდა, რა დროსაც ჯაგრისით უნდა შეასრულოთ ე.წ “გამოგვითი” მოძრაობა. თავდაპირველად უნდა გაიწმინდოს ზედა და შემდეგ ქვედა ყბა, როგორც მარცხენა ისე მარჯვენა მხარეს. დაიმახსოვრეთ გახეხვის დროს არ არის სავალდებულო, კბილებზე ძლიერი ზეწოლა ჯაგრისით.
- ბოლოსკენ აუცილებელია, ლოყების შიდა ზედაპირისა და ენის ზედაპირის გაწმენდა.
როგორ გავიხეხოთ ბრეკეტებიანი კბილები
იმ შემთხვევაში თუ ბრეკეტებს ატარებთ, აუცილებელია კბილები უფრო ხშირად გაიხეხოთ (უმჯობესია ყველა ჭამის შემდეგ).
ამ შემთხვევაში როგორც აქამდე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანია ასევე კბილის ჯაგრისის სწორად შერჩევა.
ფაქტია, რომ ჩვეულებრივი ჯაგრისი არ გამოგადგებათ, რადგან მაკორექტირებელი კონსტრუქციების ქვეშ, კბილების ნადებისგან გათავისუფლება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.
ამისათვის დაგჭირდებათ განსაკუთრებული ორთოდონტული V ფორმის ჯაგრისი, სპეციალური დამატებითი ჯაგრისები, რომელსაც სტომატოლოგი შეგირჩევთ, კბილის ძაფი, იგივე “ფლოსი”, ირიგატორი და პირის ღრუს სავლები საშუალება.
ბრეკეტებიანი კბილების გამოხეხვის ეტაპები:
- თავდაპირველად ჯაგრისით, კბილების ზედაპირი უნდა გაათავისუფლოთ ნადებისგან, თითო კბილს დაუთმეთ დაახლოებით 10 წამი.
- ამის შემდეგ სპეციალური ჯაგრისით უნდა დაამუშაოთ ბრეკეტები და მათ შორის არსებული სივრცეები.
- კბილებს შორის არსებული სივრცეებისთვის უნდა გამოიყენოთ კბილთაშორისი ძაფი (ფლოსი).
- ყველა რთულად ხელმისაწვდომი ადგილისთვის გამოიყენეთ ირიგატორი.
- და ბოლოს პირის ღრუს სიჯანსაღისთვის აუცილებელია სავლები საშუალების გამოვლება.
როგორ გავუხეხოთ კბილები ბავშვებს

ბავშვის მშობლები ხშირად კითხულობენ, როდიდან არის სასურველი პატარის კბილების მოვლის დაწყება და როგორ უნდა გააკეთონ ეს სწორად.
აუცილებელია მის კბილებზე ზრუნვა, პირველი კბილის ამოჭრისთანავე დაიწყოთ. საბავშვო ჯაგრისი უნდა ფარავდეს ბავშვის 1.5 – 2 კბილს.
დასაწყისისთვის, კბილის პასტისა და ჯაგრისის მაგივრად, ნადების მოსაშორებლად და პირის ღრუს მოვლისთვის, შესაძლებელია სპეციალური ხელსახოცების გამოყენება.
აუცილებელია ბავშვს ეტაპობრივად, კბილების დამოუკიდებლად წმენდა ასწავლოთ.
მიზანშეწონილია კბილების წმენდის დრო 2 წუთამდე მიიყვანოთ და პროცესის განმავლობაში სხვადასხვა თამაშებით პატარას მოტივაცია მისცეთ.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს თქვენს მაგალითზე აჩვენოთ, თუ როგორ უნდა გაიხეხოს კბილები სწორად.
5 გავრცელებული შეცდომა კბილების წმენდის დროს

- კბილების წმენდა ჰორიზონტალური მოძრაობებით – ასე კბილი ნადებისგან არ გათავისუფლდება, არამედ პირიქით კბილთაშუა სივრცეში მოიყრის თავს, ასევე მსგავსი მოძრაობით შესაძლოა ღრძილები დაიზიანოთ.
- კბილების სწრაფად გახეხვა.
- ჯაგრისით კბილებზე ძლიერი ზეწოლა – ამით შესაძლოა მინანქარი, ან ღრძილები დაიზიანოთ.
- კბილების საფუძვლიანი წმენდის შემდეგ, ენისა და ლოყების შიდა ზედაპირის გაწმენდის უგულებელყოფა.
- კბილების არარეგულარულად წმენდა, მათ შორის ღამის პროცედურის გამოტოვება
კბილების მოვლასთან დაკავშირებული რჩევები
- აუცილებელია კბილის ჯაგრისის 3-4 თვეში ერთხელ გამოცვლა – თუ ჯაგრულმა დაკარგა ელასტიურობა, ან არათანაბრად არის განაწილებული, უმჯობესია მისი განახლება, ასევე მიზანშეწონილია მისი შეცვლა ადამიანის გაციების და სხვადასხვა ვირუსული დაავადებების შემდეგ.
- ჰიგიენის მაქსიმალურად დასაცავად და ვირუსული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, არ მოათავსოთ ოჯახის ყველა წევრის კბილის ჯაგრისი, ერთ სივრცეში.
- სწორად შეარჩიეთ კბილის ჯაგრისი.
- მჟავე და ტკბილი საკვების მიღების შემდეგ უმჯობესია კბილების სათანადო გაწმენდა, ან მინიმუმ წყლის გამოვლება.
როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისის შერჩევის პროცესს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, რადგან სწორედ მისი დახმარებით ვებრძვით ნადებს.
დღესდღეობით გაყიდვაში სხვადასხვა მოდელის ჯაგრისი გვხვდება, შესაბამისად არჩევანის გაკეთება შედარებით მარტივია.
არ გამოიყენოთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ჯაგრული, რადგან მათ ზედაპირზე დიდი ხნით ყოვნდება და სწრაფად მრავლდება ბაქტერიები.
თანამედროვე ჯაგრისები უსაფრთხო სინთეტიკური მასალისგან მზადდება, რომელიც ნადების მოშორებისას არ აზიანებს კბილის მინანქარს და გამოყენების შემდგომ მათი გაწმენდა საკმაოდ მარტივია.
როგორც აქამდე აღვნიშნეთ, რეკომენდებულია, რომ ეს აქსესუარი 3-4 თვეში ერთხელ გამოცვალოთ.
არსებობს სხვადასხვა სიხისტის მქონე ჯაგრისები. ღრძილების ტკივილის დროს და მათი სისხლდენისკენ მიდრეკილებისას მიზანშეწონილია რბილი თავის მქონე ჯაგრისის გამოყენება.
ხელსაწყოს ხისტი ვარიანტი კარგად ებრძვის ნადებს, თუმცა მისი გამოყენება შესაძლოა ტრავმული იყოს და გამოიწვიოს მაგალითად კბილის მინანქრის გაბზარვა.
მომხმარებლების უმეტესობისთვის კი, საშუალოდ რბილი თავის მქონე ჯაგრისებია შესაფერისი.
ხოლო ჯაგრისის უკანა მხარეს განთავსებული დამატებითი, რეზინის ზოლიანი ზედაპირი, ხელს უწყობს ენის ზედაპირიდან ნადების მოშორებას.
როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა
დღესდღეობით სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ტიპის კბილის პასტა არის ხელმისაწვდომი.
პირის ღრუსა და კბილების ოპტიმალური მოვლისთვის კი უმჯობესია რამდენიმე ტიპის პასტის გამოყენება.
კბილის პასტის ფუნქციებია:
- კბილების გათეთრება
- კარიესის პროფილაქტიკა
- პაროდონტიტის მკურნალობა
- კბილის ქვის პროფილაქტიკა
- მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი პასტა.
კბილის ძაფის “ფლოსი” გამოყენება

კბილის ძაფები (ფლოსი) გამოიყენება, ჯაგრისისთვის მიუწვდომელ ადგილებში (კბილთა შორის სივრცეებში) ნარჩენი საკვებისა და კბილის ნადების მოსაშორებლად.
მისი რეგულარული გამოყენება თავიდან აგარიდებთ ღრძილების ანთებას და კბილის ქვის ფორმირებას, ასევე დაგეხმარებათ კბილების სიკაშკაშის შენარჩუნებაში.
პირის ღრუს სავლები საშუალება
მისი უპირატესობა უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სავლებში შემავალი ყველა აქტიური კომპონენტი ნარჩუნდება ხელმისაწვდომი ფორმით და პირის ღრუში ხვდება აქტიურ მდგომარეობაში.
შესაბამისად მისი გამოყენებით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააძლიეროთ კბილის პასტის რემინერალიზაციის ეფექტი, შეამციროთ ღრძილების ანთება და პირის ღრუს დამატებითი სიჯანსაღე შესძინოთ.
- 1 რატომ არის კბილების სწორად გახეხვა მნიშვნელოვანი
- 2 კბილების გახეხვა – რა უნდა გავითვალისწინოთ
- 3 რამდენჯერ უნდა გავიწმინდოთ კბილები დღის განმავლობაში
- 4 როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად
- 5 როგორ გავიხეხოთ ბრეკეტებიანი კბილები
- 6 როგორ გავუხეხოთ კბილები ბავშვებს
- 7 5 გავრცელებული შეცდომა კბილების წმენდის დროს
- 8 კბილების მოვლასთან დაკავშირებული რჩევები
- 9 როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი
- 10 როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა
- 11 კბილის ძაფის “ფლოსი” გამოყენება
- 12 პირის ღრუს სავლები საშუალება




